,,ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას და ამიტომაც, ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

„წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით – 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად – გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები