,,გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა”- სალომე ზურაბიშვილი

,,ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, ეს გზა ევროპისკენ არ გაჩენილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს. ჩვენი საუკონოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები ოდითგან გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ, საკუთარი იდენტობის და ფასეულობების დაცვით, ევროპასაც იცავდა.

„მაშინ, როდესაც ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. ოთხი მთავარი ფასეულობა და პრინციპი: სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს. ეს იქნება ანტიკური ხანის „ჩვეულებითი სამართალი“, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის „სისხლის სამართალს“ თუ ვახტანგ მეექვსეს „სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული“. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ. ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა ის, რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი განცხადებით, ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის.

„ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად კარნახობდა ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას. ბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება, ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის მე-12 საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება კარავის და დარბაზის სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა. ამგვარად, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახევი ნების შესრულებაა, არც გაუცხოვების და იდენტობის დაკარგვის საფრთხე, არამედ პირიქით, ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა. დღეს პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის გარშემო შეკრული საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ, ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია და არჩევანი ჩვენია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დღეს,  საკუთარის გარდა, საქართველოს  და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას იცავს.

„უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ, არაერთხელ ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება. გვევალება ჩვენ უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ფასი, ძალა და ამის ნიშანია ის, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც გვესმის კარგად, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა აჩვენეს მსოფლიოს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. 26 მაისი სხვა რა არის, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს რა ერთიან, ძლიერ, თავისუფალ ევროპულ მომავალს. ამ დროს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გამოწვევები არ ცხრება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლოებას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა რუსული მორიგი დეზინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები