გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ცხოვრება დაუშვებელია – არქიტექტორი

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ასეთი შენობები კი თბილისში მრავლად არის. ასევე, დაუშვებელია ახალ აშენებულ სახლში მობინადრეების შესახლება, სანამ ყველა შესაბამისი სამსახური არ დადებს დასკვნას და შენობა არ ჩაეშვება ექსპლუატაციაში.

როგორც თამაზ დოგრაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლოა 2-კვირიანი ტესტირება. სერიოზული პრობლემაა შეჩერებული და მიტოვებული მშენებლობები, სადაც ხალხი თვითნებურად სახლდება და კომუნიკაციები შეჰყავთ.   

“მომრავლდა ფატალური შემთხვევები. მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს ყველა ეტაპის გათვალისწინებით. გაშიშვლებული კონსტრუქციების მიტოვება და იქ ხალხის პარტიზანულად შესვლა ყოვლად დაუშვებელია. ამას, არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ მოითმენს, რასაც ჩვენ ვუშვებთ და რაზედაც თვალს ვხუჭავთ”, – აცხადებს არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი.

იგი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზეც საუბრობს და არასწორად მიაჩნია, მთელი პასუხისმგებლობის კომპანია “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომლისთვის დაკისრებას, რომლებიც ადგილზე გამოძახების შედეგად გავიდნენ.  

“უბედურებაში იმაშია, რომ შენობაში თვითნებურად არის შესული მოსახლე, თავისი ინიციატივით აქვთ გაზის კომუნიკაცია შეყვანილი და გამართული. უხარისხოდ არის ჩატარებული სამუშაოები, შედეგად მოხდა ტრაგედია. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო რომ მეზობელ ბინაშიც დაიღუპნენ მოქალაქეები. აპარატურის მონტაჟის ხარისხს “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები საკუთარი სურვილით ვერ შეამოწმებდნენ, საჭირო იყო ადგილზე ბინის მფლობელის ყოფნა. გარდა ამისა, სოციალიზმის ეპოქაში, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ბინების დატოვებისას პატარა სარკმელი, ე.წ. ფორტოჩკა ღია დაეტოვენიბათ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ბუნებრივი გაზი შენობიდან ატმოსფეროში გასულიყო. ეს თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება იყო”, – აცხადებს თამაზ დოგრაშვილი.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ათასობით ოჯახი ცხოვრობს დღეს, შენობა-ნაგებობებში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამ მიმართულებით მერია გარკვეულ ცვლილებებს ამზადებს და საკუთარ ხედვას საზოგადოებას მალე წარუდგენენ.  

“ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების აკრძალვა სერიოზულ პრობლემას მოგვცემს. იმ ადამიანებს ხომ ვერ გამოიყვან, ვინც იქ ცხოვრობს”, – აცხადებს კახა კალაძე.  

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის უკან, უკვე წლებია, მიტოვებული შენობის ღია კონსტრუქცია დგას. ნაგებობის ნაწილში მოსახლეობაა შესახლებული, ნაწილს კი ავტოსადგომად იყენებენ.

“მედიაცენტრი მთავარი” თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იგეგმება თუ არა კონკრეტული ზომების მიღება ამ პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც განაცხადეს, რომ სიახლესთან დაკავშირებით ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.


ავტორი: შორენა პაპაშვილი
ფოტო: ეკა გულუა

მსგავსი თემები