,,მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ და ერთმანეთი არ ლანძღონ”- გიორგი გახარია

,,4 კვირის განმავლობაში ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებას, გავჩუმდეთ მაინც, გავჩუმდეთ”,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარია ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, ურთიერთდაპირისპირებას მოერიდონ და თუ ერთად დგომა არ შეუძლიათ გაჩუმდნენ.

,,საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დღეს მიღებული არ არის, ეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოესი 4 კვირის განმავლობაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორი მიდგომა ექნება შიდაპოლიტიკურ კონტექსტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ არის ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის – ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ვისაც მართლა გულწრფელად უნდა საქართველომ  მიიღოს ეს კანდიდატის სტატუსი,  თუ ერთად დგომა არ შეგიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ, არ ლანძღონ ერთმანეთი და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამ უსაფუძვლო ბრალდებებით. წარმოიდგინეთ ერთი რამ. უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს და ქართული პოლიტიკური ელიტების თუ ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ერთიანოიბის შესაძლებლობას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, თუ პოლიტიკური ელიტა ერთიანი არ იქნება, შესაძლოა ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდეს.

,,ჩვენ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, შეიძლება ერთმანეთს ვებრძოდეთ, შეიძლება ერთმანეთი გვეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საკითხს რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალი ათწლეულების ცხოვრებას, იმ ცხოვრებას, რომელზეც ჩვენმა შვილებმა უკვე გადაწყვეტილება მიიღეს. მათთვის წარმოუდგენელია რუსულ წარსულში დაბრუნება. მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული განვითარება. გავჩუმდეთ! ერთადერთი რასაც მოვუწოდებ – 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ, რომ 4 კვირის განმავლობაში მაინც არ ლანძღონ ერთმანეთი. კონკრეტულად მსგავსი ქმედებები –  არა აქვს არანაირი მნიშვნელობა ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან თუ ხელისუფლების მხრიდან –  მიზანი მე არ ვიცი ამ ხალხს რა აქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება ქვეყნის იზოლაცია. შეიძლება მე ვცდები,მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება რომ სამწუხაროდ დღეს ხელისუფლება – ოცნება არის მზად ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ხოლო ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობა მზად არის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ ეს ძალაუფლება დაიბრუნოს. შესაბამისად, ერთადერთი ფასი რაც ერთ გაკოტრებულს და და მეორე გაკოტრებულსაც დარჩა, ეს არის ივაჭრონ ქვეყნის მომავლით, რასაც, სამწუხაროდ, ცდილობენ რომ გააკეთონ. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ დღეს როგორ ცდილობს გადააბრალოს ერთმანეთს შესაძლებელი წარუმატებლობა. ნორმალური გონიერი ადამიანი  საერთოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს და დარჩენილ 4 კვირაში ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. უახლოესი 4 კვირის განმავლობაში ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებას, გავჩუმდეთ მაინც, გავჩუმდეთ მაინც და ვაცადოთ ჩვენს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ვისთან, რასთან არის დაკავშირებული ქვეყნის მომავალი, სად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან კარგად იციან, მეომარ ერებს, ომში მყოფ ერს რითი და როგორ უნდა დაეხმარონ” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები