,,საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი” – ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. მისი თქმით,   გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა.

„24 მაისის საელჩოს მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა ათასზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, ეს მოხდა ოთხი თვითმფრინავი და 44 სატვირთო მანქანით. გამჭვირვალობის მიზნით, დეტალურად გაგაცნობთ მონაცემებს. საელჩოს ცალკეულ ანგარიშზე ჩაირიცხა 2 380 625 ლარი. 57 ათასზე მეტი დოლარი და 2 ათას 600-ზე მეტი ევრო. შეგროვილი თანხებით საელჩომ იყიდა 600 საველე აფთიაქი თურქეთში, რომლის საფასურიც შეადგენს 114 ათს დოლარს. ეს თანხა შემოვიდა უკრაინაში ჩვენი მცველების, ჯარისკაცების დასახმარებლად. 50 ათასი დოლარი მიმართული იქნა იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვების კვებით უზრუნველყოფა. 90 ათას დოლარზე მეტი იქნა მიმართული იმისკენ, რომ შეძენილი იქნას საშუალებები და ინსტრუმენტები ტაქტიკური მედიცინისა და სამედიცინო აღჭურვილობისთვის. პირველ რიგში, ეს არის სისხლის შემაჩერებელი ტურნიკეტები დეფიბრილატორები და სხვა მასალები“, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვის თქმით, საელჩოს ანგარიშზე დახმარების სახით შესული თანხები, მნიშვნელოვანი საჭიროებების  უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.

„მთლიანად შეგროვილი თანხიდან დღეს საელჩოს განკარგულებაში რჩება 845 ლარი, 6 ათასზე მეტი დოლარი და 766 ევრო. ის თანხები, რომლებიც შემოდის დახმარების სახით, ისევ მიმართული იქნება, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნას უზრუნველყოფილი. საელჩო მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვინც მზად არის, დაგვეხმაროს და ჩვენ მადლობელი ვიქნებით მხარდაჭერისთვის თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას – 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციითა და ასევე გაერო-ს უმაღლესი კომისართან კოორდინაციით, თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რათა საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ ჩვენი დროებით გადაადგილებული პირებისა. უკრაინის მოქალაქეების ნაწილს საქართველოში უკვე აქვთ სამსახური სხვადასხვა სფეროში, მენეჯმენტიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული.

როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ამა წლის 5 მაისს. ჩვენ მადლობელი ვართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილების მათი მიღებისა და განთავსების საკითხში. ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მილიონ დოლარს. ჩვენ ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ იქნება მიღებული უახლოეს დროში და არ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან.

მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნაზე, სადაც არიან უკრაინელი მასწავლებლები. ეს მოხდა თბილისში მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლის ბაზაზე. ახლა იქ 300 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ასევე ეს მოხდა ბათუმის 20-ე საჯარო სკოლაში, იქ 100 ბავშვი სწავლობს“, – აღნიშნა კასიანოვმა.

მსგავსი თემები