,,კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის უარყოფითი გზავნილები” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის  ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტების მოსმენა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ დებატების მიმართ. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ არგუმენტები, ფაქტები ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. თუ მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებს, ამაზეც გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. მნიშვნელოვანია მათგან პოზიციის დაფიქსირება, რას ფიქრობენ და რა იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან.

ჩვენი მხრიდან შესაბამისი კითხვებიც დაისმება, ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. არამარტო გვწამს, ეს არის ფაქტები, რომლებსაც ადასტურებს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო და ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ივნისის ბოლოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ცნობით, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდგომ უარყოფითი გზავნილები გამოდის და ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

„ძალიან მარტივად, ჩვენ ვიცით, საზოგადოებამ იცის, რომ მაგალითად, ეს ადამიანები, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული უარყოფითი გზავნილები, რაც, ბუნებრივია, არის მათი აგიტაციისა და პროპაგანდის შედეგი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც მიჩვეული ვართ. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს, ვიდრე მივიღებდით ამ სტატუსს, ახლაც, სამწუხაროდ, იგივე მეორდება. მე, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ მათი ბუნება, დარწმუნებული ვარ, სულმოუთქმელად ელოდებიან, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. მე მჯერა, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ასევე მჯერა იმის, რომ სამწუხაროდ, მათი მოლოდინი არის განსხვავებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ევროპული მომავალი, არც ზოგადად მომავალი, აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის არეულობა, გადატრიალება, ეს არის ბოლოს ომი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება ის, რომ მათ აინტერესებდეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები