“წითელას თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში” – განათლების მინისტრი

სასწავლო პროცესი, რომელიც გრიპისა და წითელას ვირუსის გამო ერთი კვირით შეწყდა, დღეს, 21 იანვარს, განახლდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც სკოლების დირექციას მოუწოდებს ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას. უზრუნველყონ საკლასო ოთახების და დერეფნების სველი წესით დალაგება, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას სკოლის ექიმები სრულფასოვნად ჩაერთონ და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

მათივე ინფორმაციით, სამინისტრო საათობრივ რეჟიმში იქნება ჩართული სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან, ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღებენ  გადაწყვეტილებას.

“გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”,- აცხადებს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

მსგავსი თემები