,,როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება. მისი თქმით, სააკაშვილი სასჯელისთვის თავის არიდებას საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ცდილობს.

,,მგონი, კარგია, რომ ბოლო პერიოდში აღარ საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებულიო. ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, როდესაც ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრს თითქმის სიკვდილამდე აცემინებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება სასჯელს მოხდის პირობებს და მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც. როგორც კი დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, პენიტენციური სისტემა მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ამ მომსახურებას უწევდა, ხან სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში, ხან თავად სასჯელაღსრულების სისტემაში შემავალ საავადმყოფოში, შემდეგ იყო სამოქალაქო კლინიკაში, ახლაც სამოქალაქო კლინიკაში გახლავთ. ყველა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა. სხვათა შორის, რაიმე პრეტენზიები, როგორც ვხვდები, იგივე ექიმების ან კლინიკის მიმართ, მას არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, რასაც მე საჯარო განცხადებებიდან ვისმენ. უნდა ამოვიდეთ საერთოდ საჭირო არის თუ არა სამედიცინო სახის კვლევა, მომსახურება და რა მომსახურება გაეწევა მას. ასე რომ ამ კუთხით რაიმე შინაარსობრივი პრობლემა არ მომისმენია გარდა იმისა, რომ არის მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებისა, სწორედ ქვეყნის ტერიტორიის გარეთ გაყვანა გულისხმობს ამას და სწორედ ეს არის მიზანი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები