,,როცა საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ყოველთვის, როდესაც საქართველო წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია და ეს სახელი სამართლიანად დაერქვა მას, ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს. გაგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციას მილიონ-ნახევრის გამოყოფის შესახებ, რომელიც მათ ლობისტებისთვის გამოყვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს წარმატება, თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და არ მოხდეს ეს ჩვენი მმართველობის პირობებში. მეტი ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ესენი არ არიან მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალები, როგორც ჩანს, არსებობენ ქვეყნის გარეთაც ასეთი ძალები. ჩვენ ვისმენთ ხოლმე განცხადებებს, რომელიც წარმოშობს ეჭვს, რომ ქვეყნის გარეთაც არსებობენ ძალები, რომელთაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს დღეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საქართველო უპირატესობით სარგებლობს იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის კანდიდატობის მსურველები.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები, ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა, იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი, ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვიყავით უკრაინაზე, მოლდოვაზე. იმდენად ინტეგრირებულია დღეს საქართველო თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად. არ არის ეს მარტივი, რომ საქართველო ამ სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, ეკონომიკას, ათასობით და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია საქართველო ვიღაცამ დასაჯოს. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები