,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მადლობელი ვარ, საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.

ირაკლი ღარიბაშვილი კრისტალინა გიორგიევასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ რეფორმების მიზანი რეგიონის ფინანსურ ჰაბად საქართველოს ტრანსფორმაცია და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებაა.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ  კრისტალინა გიორგიევასთან. შეხვედრაზე ჩვენს სამომავლო პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მადლობელი ვარ, საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისთვის, რომელთა მიზანიც რეგიონის ფინანსურ ჰაბად საქართველოს ტრანსფორმაციაა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების დაჩქარების პერსპექტივით”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები