„საქართველო არავის არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”- ბექა დავითულიანი

პარტია ,, ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ბერკეტი გამოიყენა. მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, უნდა დაასახელონ კონკრეტული ფაქტები რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გაკეთდა.

„ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც ერთი კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რა შეეძლო საქართველოს, გაეკეთებინა და არ გააკეთა. რომელი სანქციის დაწესება შეეძლო და არ დააწესა. ისეთი სანქციის, რომელიც დააზიანებდა რუსეთს და არა საქართველოს. რადიკალური ოპოზიცია ამ კონტექსტში იყო მოხსენებული“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში არავის ეხმარება.

„საქართველო არავის არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ეს გაცხადებული პოზიციაა და არც ერთი ამის საპირისპირო ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, რიტორიკაც მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში და პარტნიორებთან საქართველოს არაფრისგან შეექმნას გარკვეული უხერხულობა. ვინც ამას პროპაგანდირებს და ცდილობს, რომ ასეთი აზრი მუსირებდეს, რა თქმა უნდა, ცდილობს, საქართველო დააშოროს საერთაშორისო პარტნიორებს. ოპოზიციის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს იმ განწყობაზე, რომ თუ რაიმე ბერკეტი ექნება გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფს, ეცდებიან, ამ ხელისუფლების პრობლემის შესაქმნელად ნებისმიერ გზაზე დადგნენ. სამწუხაროდ, ამ გზაზე დგანან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები