“ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია კი არ მიენიჭა, არამედ ძალადობრივად წაართვეს” – გოგა ხაინდრავა

 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ავტოკეფალიის გამოცხადება არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი, მას პოლიტიკური ელფერი გაჰკრავს. ამიტომ, როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინასთან, ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და თითოეული მოქალაქე პირველ რიგში, სახელმწიფოზე, მათი შვილების მომავალზე უნდა ფიქრობდეს. 

როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ ავტოკეფალია სახელწიფოს დამოუკიდებლობას უკავშირდება, სასაცილო არგუმენტია. არც ერთ ევროპულ ქვეყანას, რომლებიც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნების სახეს წარმოადგენენ, ავტოკეფალია არ გააჩნიათ. ამას ხელი არ შეუშლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის იყვნენ დამოუკიდებლები და დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აწარმოონ.

მისივე შეფასებით, სრული უმეცრება და სახელმწიფოს წინაშე დანაშაულია საქართველოსა და უკრაინის ეკლესიების ავტოკეფალიას შორის პარალელის გავლება. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო დამოუკიდებელი, მაგრამ 1801 წელს, რუსეთის იმპერიამ ძალადობრივი გზით ჩამოართვა ავტოკეფალია, რომელიც იმპერიის დანგრევის შემდეგ კვლავ აღიდგინა.

“კი არ მიენიჭა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია, არამედ წართმეული აღიდგინა მას მერე, რაც რუსეთის იმპერია დაინგრა. ყველანი უკრაინის გულშემატკივრები ვართ, მხარს ვუჭერთ მის დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. რა კავშირი აქვს ამას ერთმანეთთან არ მესმის. ამ საკითხში საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელების გავლება საკითხის სრული უცოდინრობის შედეგია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მთავარში”.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიიღებს, რომელიც 41 წელია, ქართულ ეკლესიას სათავეში უდგას.

“ის მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი და ყველაზე პატიოსანი მღვდელმთავარია. ეს მთელი მსოფლიოს და კათოლიკური ეკლესიის მიერაც არის აღიარებული. ამიტომ წინ ნუ უსწრებთ მამას, იმან იცის თავისი საქმე, თუ აქამდე იმ ბობოქარ დროში და კატასტროფაში ატარა ქართული ეკლესია, საბჭოთა წყობილებას ვგულისხმობ და სამშვიდობოს გაიყვანა, რამენაირად ახლაც გადაწყვეტს თავის მღვდელმთავრებთან ერთად, რა ნაბიჯი უნდა გადადგას. ამიტომ დაველოდოთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას და მერე ყველაფერი ნათელი გახდება”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.  

მისივე თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა, უპირატესი ეკლესიები დუმან და “არც საქართველოს ეკლესია უნდა უსწრებდეს ურემს წინ”.

მსგავსი თემები