,,ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა”- უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა. აღნიშნული ინფორმაცია ზალუჟნიმ ნატო-ს სამხედრო მეთაურების სხდომაზე გამოსვლისას დაადასტურა.

მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი არ იყო, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია და უკრაინის არმია ამისთვის ემზადებოდა.

„ჩვენ მკაფიოდ ვხვდებოდით, რომ პირველი თვე იქნება გარდამტეხი მომენტი. ჩვენ ჩამოვართვით მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ინიციატივა, კრიტიკული დანაკარგი მივაყენეთ მათ და ვაიძულეთ, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე – კიევის დაკავებაზე, ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა. მოვახერხეთ ხარკოვის და ნიკოლაევის განბლოკვა“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

ზალუჟნის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ კრეისერ „მოსკოვის“ გარდა სამი გემი დააზიანეს.  მიუხედავად ამისა, რუსეთის არმია აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს, რომელთა ინტენსივობაც საკმაოდ მაღალია.

„ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატო-ს ქვეყნებისთვისაც. ყოველი ასეთი რაკეტა 400-600 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები