7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე დღეს,  საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს.

ადვოკატების განცხადებით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტი  სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება. მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო უკვე რამდენიმე პროცესს ვერ დაესწრო.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, არ იცის შეძლებს თუ არა იგი პროცესზე გამოცხადებას.

,,მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა შუამდგომლობების დაყენების საშუალება მოგვეცემა თუ არა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებას ან როგორი დამოკიდებულება ექნება მას პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მისი დასწრების გარეშე. არ მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, დანიშნულ პროცესზე ის მოახერხებს თუ არა გამოცხადებას სამწუხაროდ არ ვიცი,” – განაცხადა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები