„ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებით დიდ დიღომში გაზის გაჟონვა არ დაფიქსირებულა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის” დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ, შემოწმებისას, გამოძახების ადგილზე გაზის გაჟინვა არ დაფიქსირდა.

„საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა“ – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გასცეს.

„2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით,მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა“ – აცხადებენ კომპანიაში.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, კომპანიაში ვერ ამბობენ, თუმცა, სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მზაობას გამოხსატავენ: „აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს – განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100 პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები