„გაზის მილების შიდა დაქსელვა უკონტროლოდ ხდება, პრობლემა სწორედ აქ არის“ – ენერგო ომბუდსმენი

  •  

“დედაქალაქში გახშირებული გაზის აფეთქების ფაქტები და მისი ტრაგიკული შედეგები პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა მხრიდან განხორციელებულ უკონტროლო ქმედებებთან, რაც გულისხმობს გამათბობლის თვითნებურ მონტაჟს, ან დემონტაჟს, შიდა გაყვანილობის შეცვალასა და მილების არაპროფესინალი სპეციალისტების დახმარებით გადანაცვლების ტენდენციას” – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში მომხდარი ყველა ფაქტი მიანიშნებდა, რომ აფეთქება ხდება საცხოვრებელი ბინის შიგნით, რისი მიზეზიც ხშირად მომხმარებლის მიერ დამონტაჟებული გამათბობელია.

“ეს იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები არ დაიხმაროს, ან დაიხმაროს ვითომ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე არ იციან. შიდა დაქსელვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა გადავდოთ და ვთქვათ, რომ არაუშავს, როგორც გააკეთებენ გააკეთებენ ამით არაფერი დაშავდება,” – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ომბუდსმენის თქმით, კანონი სამშენებლო კომპანიას არ ავალდებულებს, ქსელს, მაგისტრალს აშენებს კომპანია, მრიცხველებს ამონტაჟებს კომპანია, ხოლო შემდგომში უკვე ქსელი, არის კერძო პირის გასაკეთებელი.

“კანონი არ არეგულირებს, როგორ მოხდება მომხმარებლის მიერ ბინაში გაზის შეყვანა. მემონტაჟეს არავინ არ სთხოვს სერთიფიკატს და ლიცენზირებას, იმისათვის, რომ გაზის მეურნეობაში იყვნენ დაშვებული. ქსელი არის კერძო პირის გასაკეთებელი. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ტექნიკურ რეგლამენტში ეს საკითხები დაწვრილებით იქნება გაწერილი”, -განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა და დასძინა რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიურად თანამშრომლობს.

მსგავსი თემები