,,სააკაშვილის ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე  აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი კვლევები უტარდება.  მისი თქმით, ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის.

ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ  კვლევის შედეგები თავად მიხეილ სააკაშვილის ნებართვის საფუძველზე უკვე გასაჯაროვდა და მომავალშიც ამ პრინციპით გასაჯაროვდება.

„ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის. თავად პაციენტთან ყოველთვის შეთანხმებული მაქვს ნებისმიერი კვლევა, რის ჩატარებასაც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილს ამაზე მისდის შეტყობინება, პირადი ექიმიც ეუბნება, მეც ვაფრთხილებ. ის გვაძლევს ნებართვას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ კვლევის ჩატარება. მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. პირად საუბრებშიც და ისედაც გვიცხადებს სრულ ნდობას. მწყინს ხოლმე, როდესაც მესმის სულ სხვა შეფასებები. ბატონი მიხეილი აგრძელებს კვლავ დაკვირვების ქვეშ ყოფნას თერაპიულ განყოფილებაში. დღესაც გვყავდნენ სპეციალისტები, მოწვეული გვყავდა ფსიქიატრთა ჯგუფი. გაუკეთდა კიდევ სხვა ინსტრუმენტული კვლევები. გუშინ ჩაუტარდა სრული კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც შეეხება მოარულ თემებს, რომ არ ასაჯაროებენ, არ ამბობენ. მესმის, თქვენ გჭირდებათ ნიუსი, მაგრამ საქმე ეხება პაციენტის ჯანმრთელობას. ეს არ არის საჭორაო და საჯაროდ გასარჩევი თემა. სახალხო დამცველის აპარატიდან იყვნენ წარმომადგენლები, წარმომიდგინეს ბატონი მიხეილის დასტური, რომ თანახმაა, გავცეთ მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ჩვენ მათ გადავუგზავნეთ ყველაფერი, რაც მოგვთხოვეს – ის, რაც გუშინდელი დღის ჩათვლით იყო გაკეთებული. შემდეგშიც, როდესაც მოგვმართავენ, ასევე დარჩენილი კვლევების პასუხებსაც, რა თქმა უნდა, გადავცემთ. შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი ეს არ უნდა იყოს. მე პასუხს ვაგებ ჩემს კლინიკაზე. პაციენტი გვიცხადებს სრულ ნდობას, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას არც ჩვენს მკურნალობის და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე. შემდეგზე ვილაპარაკოთ შემდეგში. მინდა, ბატონი მიხეილი იყოს კარგად. მინდა, ყველა პაციენტი იყოს კარგად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მსგავსი თემები