სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებიც შეძლებენ გაჩერებას

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებისთვის გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.

საკითხის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის, M1 კატეგორიის ავტომობილებისთვის, იგივე ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მგზავრების უსაფრთხო აყვანა-ჩამოსმის საკითხების დარეგულირება და საპარკინგე სისტემის გაუმჯობესება.

 „საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, პირველი და ყველაზე უმთავრესი სწორედ ტაქსების საავტობუსე ზოლში მოძრაობის კანონიერების საკითხია.

საავტობუსე ზოლები ეტაპობრივად მოეწყობა ყველა გამზირზე, შესაბამისად ტაქსებისთვის გარკვეულწილად რთულდება მგზავრების აყვანა – ჩამოსმის საკითხი. ავტობუსის ზოლში გაჩერებისთვის მოქმედი კანონმდებლობით ტაქსი ექვემდებარება დაჯარიმებას. აქედან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და პაკეტის სხვა კანონპროექტებში გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ საავტობუსე ზოლების მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვროს სპეციალური ადგილები ტაქსებისთვის, სადაც კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება“, – განაცხადა დეპუტატმა.

 მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილება ასევე ითვალისწინებს ჯარიმების კორექტირებას, ახალი ჯარიმების შემოღებას იმ შემთხვევებისას, რომლებიც საპარკინგე სისტემის გამართულად ფუნქციონირებას აფერხებს. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში ჯარიმის გაზრდა 10-დან 50 ლარამდე. ასევე, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

მსგავსი თემები