,,რაც შეიძლება მალე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა.

„როგორც ვხედავთ, პუტინის ომი ძირს უთხრის გლობალურ ენერგობაზარს. ის აჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ასევე გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადები ვართ, როდესაც რუსეთს ვეყრდნობით წიაღისეული საწვავის იმპორტირებისას. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეგვიძლია. დღეს წარმოვადგინეთ ამ მიზნების მიღწევის გეგმა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული გეგმა რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად სამ ძირითად ზომას ითვალისიწნებს – ენერგიის დაზოგვას, მიმწოდებლების დივერსიფიცირებასა და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გასულ წელს ევროკავშირში იმპორტირებული გაზის 40 პროცენტი რუსული იყო, წელს კი, აპრილში ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდა.

„პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ. წარდგენილი გეგმით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია რუსული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება სამ დონეზე მუშაობით. პირველი ეხება მოთხოვნას და გულისხმობს ენერგიის დაზოგვას, არის მარტივი და ძალიან ეფექტიანი. მეორე ეხება მომარაგებას და გულისხმობს ენერგომიმწოდებლების დივერსიფიცირებას, რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადასვლას და გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება, რაც ნიშნავს განახლებად ენერგეტიკაში მასშტაბური ინვესტიციების ჩადებას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები