,,აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტებს მშენებლობა“- დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.

პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ  შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე – ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველო, მეხუთე წელია ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, აღნიშნულ პროექტში.

 „განსაკუთრებით დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხოლო, მისი ეკონომიკურ მომგებიანობა ნათლად ჩანს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებულ ანგარიშში წინასწარი ეკონომიკური ანალიზის შესახებ. გარდა ამისა, ასევე, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რეგიონის ენერგო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სისტემებს/ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

მსგავსი თემები