,,გამოვრიცხავ ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ უკავშირდება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გადადებისა და გაუქმების მიზეზია სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო, გასულ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო, ასევე ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელში ჩვენი საელჩოდან გვაქვს.

გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის გაუქმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. არ შეიძლება, შიდა პოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი იყოს. გუშინ, პრემიერს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა ბრიუსელში, მათ შორის ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტარების პრეზიდენტებთან. მიზეზი, რის გამოც შეხვედრა გადაიდო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ფინეთისა და შვედეთის შემდეგ ყველა შეხვედრა გაუქმებულია. ადგილზე ვიყავი? – რა ინფორმაციაც მაქვს, ამას გეუბნებით. ადგილზე გახდა ცუდად, თუ დილით ყავის სმის დროს, ეს კითხვა არასერიოზულია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

მსგავსი თემები