,,გარკვეული სეგმენტისთვის ვაქცინის მეოთხე დოზაც განიხილება” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%. შესაბამისად, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ სამიზნე მაჩვენებელს’’- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიზანი ზაფხულისთვის ვაქცინაციის დონის 70%-მდე გაზრდაა, თუმცა მისი განმარტებით, ვაქცინაციის დღევანდელი მაჩვენებლით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

„ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%. შესაბამისად, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ სამიზნე მაჩვენებელს. ჩვენი სამიზნე არის ზაფხულისთვის 70%-იანი ზღურბლის მიღწევა. თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანი იცრება ყოველდღიურად, ეს მიზანი ვერ მიიღწევა“,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზის გაკეთება ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის.

,,ბუსტერ დოზა დღეს განიხილება, როგორც რეალური შესაძლებლობა, დაავადების  მძიმე მიმდინარეობის და გარდაცვალების შემთხვევებისგან თავის დასაცავად. ჩვენ 1 260 000 ადამიანი გვყავს ქვეყანაში ორჯერადად აცრილი, ბუსტერ დოზით კი 250 000 ადამიანი. ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანია, ისეთი რომელსაც ერთი დამატებითი დოზით შეუძლია გადაჭრას მისი ჯანმრთელობის პრობლემა,’’- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოწყვლად ჯგუფებში ომიკრონის გავრცელებას ვაქცინის ახალი დოზა ხელს შეუშლის.

,,მეოთხე დოზა განიხილება, როგორც შესაძლებლობა გარკვეული სეგმენტი იყოს დაცული ინფიცირებისგან. პირველ რიგში ამ ჯგუფში იგულისხმება ასაკოვანი ადამიანები. ომიკრონის ფონზე დაცვის მაჩვენებელი ძალიან სწრაფად  მცირდება. მეოთხე დოზა მოგვცემს შესაძლებლობას, მოწყვლადი ჯგუფები უფრო მეტად იყვნენ დაცულები ინფიცირებისგან და დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამერიკის შეერთებული შტატების მსავსად, ჩვენც გვაქვს რეკომენდაცია, რომ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიკეთონ ვაქცინის მეოთხე დოზა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

“პანდემია არ დასრულებულა, განიხილება 3 ახალი მუტაცია” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები