„,გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებმა მიიღეს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება.

„გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა. უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისთვის გასცა ბრძანება, გადაარჩინონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მიმდინარეობს ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადარჩენის ოპერაცია“, – წერია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. უკრაინული მხარის ცნობით, კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია ელენოვკაში, მათი გაცვლის პროცედურით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდგომი დაბრუნებით.

„მარიუპოლის გარშემო მოწინააღმდეგეების ძალების შეკავებამ საშუალება მოგვცა, მოგვემზადებინა და შეგვექმნა თავდაცვითი ხაზები, რომლებზეც ჩვენი ჯარები იმყოფებიან დღესაც და აგრესორს ღირსეულად იგერიებენ. ჩვენ კრიტიკულად აუცილებელი დრო მოვიპოვეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მიღებისთვის“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

მსგავსი თემები