,,იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას”- დიეგო კოლასი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება. მისი თქმით, ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს.

ელჩის განცხადებით, უკრაინაში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დაჟინებულმა მოთხოვნამ ღია კარის პოლიტიკაზე ახალი რეალობა შექმნა არამარტო კიევისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

,,მე არაერთხელ მითქვამს ბოლო პერიოდში, რომ იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო კი მზად უნდა იყოს, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ახლა მაგიდაზე დევს,”- აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ელჩი აღნიშნავს,რომ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

,,რაც შეეხება ქცევას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში – გვესმის ამბიციური საუბარი, მაგრამ დაგროვდა უთანხმოებები გასული თვეებისა და წლების განმავლობაში, რამაც გაართულა მდგომარეობა. ჩვენ ვიცით 5 ივლისის მოვლენები, სასამართლოს რეფორმის საკითხი, პრესის თავისუფლება, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებდით, რომ ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალო ელექტორალური საკითხი, თითქოს რაღაცების შეცვლა არ გამოდის და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ღერძი, რაც ამოძრავებს ევროპას. ევროპა არ არსებობს ამ საკითხების გარეშე,” – აღნიშნა კოლასმა.

მსგავსი თემები