,,მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ადარდებთ. მისი თქმით,  მათი მთავარი მიზანი, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანაა.

„რაც შეეხება თავდებობას, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ – როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ეს იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი სამართლებრივადაც არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიული გეგმა და ამოცანა საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაა,“– განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უნდა მოუწოდონ სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

„ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო. ანუ, სიცოცხლის ფასად შეესრულებინა მისი ე.წ. მისია. მის მიმართ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მისი ავტორებიც ცნობილი იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული. დღესაც იგივე სიტუაციაა – ვინც მართავს აქციებს, არც ერთისგან მის მიმართ არ ისმის მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ყველა ამბობს, რომ გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი არ მიაჩნია დამნაშავედ. ეს არის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა, რომ ეს ადამიანი „პოლიტიკური პატიმარია“, განცხადებას არ აკეთებს. ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ – არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება, მოიტანოს. ანუ, სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიას, პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები