,,რუსეთის ომი უკრაინის იდენტობის და კულტურის ჩახშობის მცდელობაა”- აშშ-ის ელჩი ეუთოში

ეუთო, უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების გამოძიებას განაგრძობს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტების მოძიება. ამ მიზნით, დღეს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ეუთოში აშშ-ის ელჩს მოუსმინა.

მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსების მიერ ჩადენილი და ეუთოს მიერ აღწერილი სისასტიკის ფაქტები, შესაძლოა სამხედრო დანაშაულის კატეგორიით გადაკვალიფიცირდეს.

,,რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მასშტაბი დრამატულად გაიზარდა. რუსეთმა მარიუპოლის განადგურების კამპანია გააგრძელა და თავდასხმა განაახლა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მარიუპოლის ბარბაროსულ ალყაში, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაღუპული. კიევის და ხარკივის მხარეების გათავისუფლებამ გამოავლინა სამოქალაქო პირთა მკვლელობების და სექსუალური ძალადობის მასობრივი შემთხვევები, ჩადენილი რუსეთის ძალების მიერ,” – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატის განცხადებით, რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინელი ხალხის იდენტობის და კულტურის განადგურებაა.

,,რუსეთის ომი უკრაინის იდენტობის და კულტურის ჩახშობის მცდელობაა. ჩანს, რომ მოსკოვი მომავალ კვირებში ან თვეებში გეგმავს, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალადობრივ ანექსიას და მსგავს ოპერაციას განიხილავს ხერსონის რეგიონშიც. მის კონტროლირებად მხარეებში, მოსკოვმა სკოლები რუსულ პროგრამაზე გადაიყვანა, მოხმარებაში რუბლი აქვს. ასევე დაიწყო ქალაქების, დაბების და სოფლების სახელების შეცვლა და უკრაინულიდან რუსულზე ცვლის ქუჩის აღმნიშვნელ ნიშნებსაც,”-აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები