,,100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები”-ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში თურქეთის ბაზრის გახსნაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯად შეაფასა.

„დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაზოგვა. რაც შეადგენს 35 მლნ ლარამდე თანხას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის მიზნით, ბიუჯეტიდან 2021 წელს 24 მლნ გამოიყო. მისივე თქმით, საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებისთვის იგეგმება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამის კიდევ მეტად გაფართოება.

„მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. აქვე მსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე. სამინისტროში სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად, რეფორმის დაწყებამდე პირადად ვიმყოფებოდი თურქეთში, სადაც გაიმართა არაერთი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ადგილზევე გავეცანით მედიკამენტების წარმოების პროცესებს და თურქი კოლეგებისგან მივიღეთ სრულყოფილი გარანტია მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც აკმაყოფილებს წამლის საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის GMP სტანდარტს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები