„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი  74  ხმით დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს, კერძოდ:

ზუსტდება, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იგივე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც;

განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.

ზუსტდება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი, მათ შორის, დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება.

მსგავსი თემები