ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა.

სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.

ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.

კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა,”-განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს სამართლებრივი გზებით მოაგვაროს ,,კრედიტ სუისთან“ არსებული უთანხმოება.

,,ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა.

ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება,”- აღნიშნავს ადვოკატი.

 

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

მსგავსი თემები