სპეცოპერაციის შედაგად დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი

 

კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში”  ჩატარებული სპეცოპერაციისას, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8  ნარკორეალიზატორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზატორებზე დაკვირვება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებას, გვიან ღამით  საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლემი მოჰყვა, რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით  კიდევ არაერთი პირი დააკევს. მათ შორის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”, – ასეთია  შსს-ს განცხადება.

დაკავების შემდეგ, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს გასაპროტესტებლად გარკვეული ჯგუფი პარლამენტის წინ შეიკრიბა.  აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რადგან  აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქციას „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც შეუერთდა. ადგილზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად  პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.

ვითარებაში გასარკვევად ადგილზე მივიდა „ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე. მისი შეფასებით, ამგვარი ქმედებები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ასეთი სიტუაცია მომგებიანი არავისთვისაა, უფრო მეტიც ის დამაზიანებელია. ეს არის ის სფერო, რომელშიც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაითქვა სახელი. დარწუნებული ვარ აქ მყოფთაგან 90 პროცენტზე მეტი ნარკოტიკების მომხრე არ არის და ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ეს არის ძალიან წამგებიანი პოზიცია. მაქსიმალიურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ პროვოკაციას. არ მესმის რატომ ჩავაყენეთ ის ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულნი ან პოლიცია რატომ ჩავაყენეთ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ კაფე „გალერისთან“, სადაც ვითარების გასაცნობად მივიდა.

სპეცოპერაცისას ორი დაკავებულის ადვოკატის გიორგი სიმონიშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა განუცხადა, ის ორი დაკავებულის ჯემალ ელიავასა და თორნიკე ჩუტკერაშვილის უფლებებს იცავს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულებისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

“მე ორი პირის უფლებებს ვიცავ. ბრალდებულებისთვის პროკურატურას ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება, არ შემიძლია ამ ეტაპზე ვისაუბრო თუ რა გარემოებებია, რა მტკიცებულებებია მათ წინააღმდეგ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის, რომ ეს პირები მშვიდ ვითარებაში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს “მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე დიღმის ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი სიმონიშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ისინი 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც გულისხმობს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

მსგავსი თემები