„ნაციონალური მოძრაობა, თავისი ბელადიანად, ხართ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“- გიორგი ცაგარეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ – დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად. ახლა კი, ლამობთ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ,“- აღნიშნული კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტები უახლესი წარსულის დაუვიწყარი და უმძიმესი მოგონებაა.

„პატიმარ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საკუთარ ხალხთან გაჩაღებულ სისხლიან დაპირისპირებას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად, გადააქციეთ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც მთლიანად თქვენს პოლიტიკურ ნებას იყო დაქვემდებარებული. თქვენი მმართველობის წლებში, ჩამოყალიბდით მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების „სწორუპოვარ“ დამრბევებად. სასტიკად დაარბიეთ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგები და მანიფესტაციები. 508 ადამიანი დაშავდა, უამრავი უკანონოდ დააკავეთ, მოსპეთ ტელეკომპანია „იმედი“, დახურეთ ტელეკომპანია „კავკასია“, ჯარი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის სამსახურში უნდა ყოფილიყო, საკუთარ ხალხზე დაგეშეთ. მომდევნო დღეს, 2007 წლის 8 ნოემბერს, სასტიკად გაუსწორდით ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პედაგოგებს, ისინი მხუთავი გაზებით დაწამლეთ და აუდიტორიებში სცემდით. 2009 წლის 6 მაისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, აკრძალული ლეტალური იარაღიდან, პირდაპირი დამიზნებით ესროდით საპროტესტოდ შეკრებილ მოქალაქეებს, ორ მათგანს თვალი დასთხარეთ. იმავე წლის 15 ივნისს, იმავე ადგილზე, უმაგალითოდ გაუსწორდით საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანებს. 17 მათგანი არნახული სისასტიკით სცემეთ,”- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

მსგავსი თემები