„პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყველა საჭირო სერვისით არის უზრუნველყოფილი. დეპუტატის განმარტებით, თუ საჭირო გახდება სააკაშვილის სამედიცინო მომსახურება ციხის გარეთ გაეწიოს, ამაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.

„პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგა მოცემულობა, რომ აუცილებელია, ციხის გარეთ მიეწოდოს მას გარკვეული სერვისი, ამაზე დასკვნას გააკეთებს შესაბამისი სამსახური და გადაიყვანს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარტია თავდებში უდგება მიხეილ სააკაშვილს.

„თავდებში ჩადგომას რაც შეეხება, ზოგადად, ვიცით, რომ ყველა მანკიერ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს გვერდით უდგას. ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში. მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება. რთულია, ციხის კედლებში ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვინც დაარღვია კანონი, ბუნებრივია, ყველას მოუწევს ციხის კედლებში ჯდომა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპირებენ  საკანონმდებლო ორგანოს მიმართონ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. თუ ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

მსგავსი თემები