,,სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ოპოზიციის ინიციატივის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა. აქვე დავძენ, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და დღეს ვართ ხელისუფლებაში. ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სახელწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელი ჯანმრთელობის დაცვით ღირსეულ პირობებში მოიხადოს.

,,მთავარი აქ არის ის, რომ თავად პატიმარმა მოისურვოს ის მზრუნველობისა და მკურნალობის მიღება, რომელსაც სახელწიფო სტრუქტურები მას სთავაზობენ. გასაგებია, რომ ძნელია ციხეში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციხეში აბსოლუტურად სხვა პირობებია. მაგრამ თავისუფლების აღკვეთა არასდროს არ არის მაინც ადვილი, ეს ყველაფერი გასაგებია; მაგრამ სასჯელი არის სასჯელი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპირებენ  საკანონმდებლო ორგანოს მიმართონ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. თუ ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

მსგავსი თემები