,,სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება,”- ამის შესახებ,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი რეაბილიტაცია თავისუფალ გარემოში.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მძიმე შედეგები, რაც შესაძლებელია, დადგეს, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ეს ძალიან მძიმე ზიანი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. ხელისუფლებას თითქოს სურს, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ მათ ეს სურვილი რეალურად არ ამოძრავებთ. მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ, იქ არ იქნება შესაბამისი გარემო, რაც აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ აუცილებელია, რეაბილიტაცია იყოს სრულყოფილი და თავისუფალ გარემოში, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება,”- განაცხადა დეპუტატმა.

ხატია დეკანოიძე მმართველ პარტიას მიმართავს და ურჩევს აღადგინონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი და ჩამოიყვანონ მედიკოსები მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან.

,,ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, პოლიტიკური პატიმარი მესამე პრეზიდენტი. როცა მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მხოლოდ პოლიტიკურ შურისძიებაზეა დაფუძნებული, ეს ყველაფერი ჰუმანიტარულ ჭრილში რომ გადავიტანოთ, მათ ვურჩევდი – აღადგინონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ შექმნილი კონსილიუმი, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ექსპერტები, რომლებიც საზოგადოებას უფრო ფართო სურათს აჩვენებენ, მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან ჩამოიყვანონ მედიკოსები, რადგან საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და ქვეყნისთვის ეს არის სერიოზული გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ და საზოგადოებამ ამ კრიზისის დროს დაამტკიცოს, რომ ღირსეულია,”- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები