,,არც ერთ საექიმო ჯგუფს არ უთქვამს, რომ სახელმწიფო არ სთავაზობს სააკაშვილს სამედიცინო სერვისს”- შალვა პაპუაშვილი

,,არც ერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს, მისმა გულშემატკივრებმა უნდა დაარწმუნონ, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება,”– აღნიშნული განცხადება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა პატიმარო უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო სერვისით.

„სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, მისი ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება. სახელმწიფო ვალდებულია, შესთავაზოს ყველა სერვისი, მომსახურება, თუ მედიკამენტი და თავისთავად მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საკუთარმა გულშემატკივრებმა დაარწმუნონ, სერვისი მიიღოს,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას.

„ამ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა გზის ძიებას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაიხსნან და აარიდონ ის სასჯელი, რაც მას სამართლიანად მიუსაჯა სასამართლომ პარლამენტის წევრის ცემის ორგანიზებისთვის და სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის თავის არიდებაში იყო ჩართული. ქართულ სასამართლოს სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა. შესაბამისად, ყველა ადამიანი მისი წარმომავლობის თუ თანამდებობის მიუხედავად, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს და მართლმსაჯულების იდეას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სამივე ინსტანციაში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები