საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილი ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილის ცნობით, საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.

როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო.

შემდგომი პროცედურა რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა.

მსგავსი თემები