,,მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,ვფიქრობ, მისი (სააკაშვილის) პრობლემის წყაროა თავისუფლების აღკვეთა და სასაუბროა იმაზე, როგორ შეიძლება, ციხიდან გათავისუფლდეს”-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მისი ქართული პოლიტიკიდან წასვლაა.

„თავს ექიმად რომ ვგრძნობდე, შეიძლება, ამან დამაინტერესოს, რათა გავერკვიო სიტუაციაში, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ 20 წლის წინ ეს მექნა, მაგრამ ახლა იმის განწყობაზე არ ვარ, ეს გავაკეთო. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკასთან საუბარი მაინტერესებს, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია. მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რაღაცნაირი რეცეპტი პოლიტიკურ ნაწილშია და არა – სამედიცინოში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან მომწონს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა ჯგუფს ისე უცნაურად აყალიბებს, ტექნიკურად მივხვდი, მაგრამ არ მაინტერესებს. ანუ, საუბრის არეალს ტყუილად მიზღუდავს, მე სხვა რამეზე საუბარი მინდა და იქნებ, მასაც აწყობს. ვფიქრობ, მისი პრობლემის წყაროა თავისუფლების აღკვეთა და სასაუბროა იმაზე, როგორ შეიძლება, ციხიდან გათავისუფლდეს. მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს და იმას მიხედოს, რაც უკვე ვთქვი. რას ნიშნავს ქართული პოლიტიკის დატოვება იმ ადამიანის მიერ, ვინც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ კონცერტს აწყობს თვითონ და მისივე მეგობრების სახით – ხან აქციებია, ხან შიმშილი, ეს არის არათანმიმდევრობა. მისი გათავისუფლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ერთადერთია ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს, რადგან მის სიტყვას კაციშვილი არ ენდობა. ანუ, რაღაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ვინმემ დაიჯეროს”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები