უნგრეთი რუსულ ნავთობზე უარის თქმას არ აპირებს

უნგრეთი  ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ მხარს არ უჭერს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით,  სანქციების ასეთი ფორმით უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება.

მისივე განცხადებით, უნგრეთი სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შეზღუდვები მილსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტზე არ გავრცელდება.

“უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად უსაფრთხოა, მყარ საფუძვლებზე. თუმცა, უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება სანქციების ამ პაკეტით მთლიანად განადგურდება.

ბრიუსელში სანქციების ამ პაკეტის შედეგად, უნგრეთისთვის შეუძლებელი გახდება უნგრეთის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლი ნავთობის უზრუნველყოფა. საუბარი არ არის პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე, ეს არის ფიზიკური, გეოგრაფიულ-ინფრასტრუქტურული რეალობა.

შესაბამისად, სანქციების პაკეტს ამ ფორმით მხარს ვერ დავუჭერთ, უნგრეთი ამ სანქციებს დაეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებაზე,”- აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო.

მსგავსი თემები