„სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით რუსეთს ვერანაირ ზიანს მოვუტანთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტით საფრთხე საქართველოს მოსახლეობას დაემუქრება და არა რუსეთს.

„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც და უკრაინამაც. სამივე ქვეყანა ინარჩუნებს გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და მათ შორის არის უკრაინაც. საქართველო სანქციებს არ უერთდება, არც მოლდოვა. ეს დასავლელი პარტნიორებისთვის და ევროკავშირისთვის კარგად არის ცნობილი“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დეპუტატის შეფასებით, ერთ-ერთი არგუმენტი არის უსაფრთხოება, მეორე კი ეკონომიკური არგუმენტები.

„არ გვინდა, დამატებითი საბაბი შევქმნათ იმისთვის, რაც  სურს ოპოზიციას.  ეს არის საქართველოს ჩართვა ომში. ანუ, უსაფრთხოება არის ერთი არგუმენტი და მეორეა – ეკონომიკური არგუმენტები. არსებობს სავაჭრო ურთიერთობები და ამ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მოვუტანთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საზიანო იქნება ნებისმიერი ასეთი ცვლილება. არსებობს ენერგეტიკის სფერო, სადაც არის, როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ნაწილში კონკრეტული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შეწყვეტა ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები