თბილისის მერიის ახალი პროგრამა სწავლის დაფინანსების მსურველი სტუდენტებისთვის

თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, ახალ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, ახალი პროგრამის თანახმად, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შეტანის მომენტისთვის თბილისში რეგისტრაცია არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფიქსირდებათ.

„მოგეხსენებათ, რომ უკვე გვაქვს პროგრამა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურს ვუფინანსებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრ სტუდენტს დავეხმარეთ. ჩვენ 2021 წელს ბიუჯეტი გავაორმაგეთ. საერთო ჯამში, დაახლოებით, 4 000-მდე სტუდენტი დაფინანსდა. ამ პროგრამას ვამატებთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას. თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. რაც შეეხება ახალ პროგრამას, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თბილისში რეგისტრაცია უფიქსირდებათ“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის განმარტებით, სტუდენტების დაფინანსება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ გაიცემა.

„იქნება 100%-იანი, 70%-იანი დაფინანსებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან და შშმ პირებს. უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელონ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რომ მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულებზე:

90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი);

მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;

70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

70-ის ტოლი და ნაკლები ქულის შემთხვევაში, სემესტრული თანხის 70% (787.5 ლარი) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50% (562.5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.

მსგავსი თემები