ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება – თბილისის მერია

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის მერიის დაკვეთით კვლევა ჩატარდა. კვლევის  შედეგად მიღებული რეკომენდაციები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში აისახება, – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების სამშენებლო განვითარება მხოლოდ აღნიშნული რეკომენდაციებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების შესაბამისად იქნება დასაშვები.

მერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კერძო პირების საკუთრების უფლების დაცვას ისე, რომ არ დაზიანდეს ტბის მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემა.

„როგორც იცით, 2019 წლის 15 მარტს დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც შეზღუდა გარკვეული არეალები. ქალაქში გამოიყო კონკრეტული არეალები, სადაც დროებით შეჩერდა მშენებლობის განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. დავიწყეთ გარკვეული კვლევების ჩატარება იმისთვის, რომ მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოსისტემის დაცვისა და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სრული სურათი გვქონოდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მიმდინარეობდა ლისის ტბის აუზის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევები, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლია და დაეზუსტებინა თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი უსაფრთხო, ჯანსაღი და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ეს არის სივრცე, სადაც უამრავი კერძო ნაკვეთია და ჩვენ გარკვეულ უკმაყოფილებას წავაწყდით. მათ ჰქონდათ კერძო საკუთრება და მშენებლობის განხორციელების სურვილი, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევდით. მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც კერძო მესაკუთრის, ასევე, დედაქალაქის ინტერსები და მისი ურბანულად სწორი განვითარება უნდა მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება.

„დღეს უკვე ამ კვლევებიდან მიღებული ანალიზით, შესაძლებელია, განვახორციელოთ არსებული სივრცეების სხვადასხვა სახის განაშენიანება. ოღონდ ყველა იმ რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც ამ კვლევაში არის მოცემული. განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, ვერცერთი მშენებლობა ვერ განხორციელდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები