,,მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები უნდა იყოს მოწესრიგებული”- კახა კალაძე

,,ამჟამად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება გრძელდება.

„თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამჯერად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ხდებოდა გარე ვაჭრობა, რაც მიუღებელია. ამ ადამიანების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს ადამიანები ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. ამაში ჩართული იყო გამგეობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი. ბაზრობის დირექციასთან ურთიერთშეთანხმებით, გაკეთდა შეღავათიანი პირობები გარე მოვაჭრეებისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. ტერიტორია კი მოწესრიგდება, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, შესაბამისი პროცედურები და გარე მოვაჭრეების ბაზრობების შიდა ნაწილში გადაყვანა მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებიდანაც მოხდება.

„ჩვენ ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მეტროსადგურის შესასვლელთან. შესაბამისი პროცედურები დაიწყო მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გამგეობებს, ბაზრობების დირექციებს, მუნიციპალურ ინსპექციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაჟორიტარ დეპუტატებს პროცესებში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ჯიხურების საკითხზეც, რათა მათი გადატანა შესაბამის ტერიტორიებზე მოხდეს.

 

მსგავსი თემები