,,პასუხს აგებენ ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს”- გაეროს წარმომადგენელი

,,გაერო არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს,” – აღნიშნული განცხადება, კიევში მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების შემთხვევები მატულობს.

კამილა პატენას  განცხადებით, ომის დანაშაულებს საერთაშორისო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება.

,,არსებობს მკაფიო მტკიცებულებები ქალებთან მიმართებაში, რომელთა ცხედრებიც ნაპოვნია. გვაქვს სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები ძალადობის ფაქტებზე. გაერო არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. მალე შეიქმნება საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს”, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინის განცხადებით , ყველა ცხედარს, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ნაპოვნი, სექსუალური ძალადობის კვალის დასადგენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 400 ბავშვი და ზრდასრული ადამიანი გააუპატიურეს.

მსგავსი თემები