,,აზოვსტალის” ქარხნიდან 156 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

,,აზოვსტალის ქარხნიდან 156 ადამიანია გამოყვანილი და ყველა მათგანი ზაპოროჟიეში უსაფრთხოდ იმყოფება” – აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში გაავრცელა . ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ მარიუპოლიდან სხვა მოქალაქეების გამოყვანაც მოხერხდება.

“ჩვენ, საბოლოოდ, მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის ოპერაციის პირველი შედეგი მივიღეთ. ამ ევაკუაციის ორგანიზება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამას დიდი ძალისხმევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სხვადასხვა შუამავალი დასჭირდა.

დღეს ზაპოროჟიეში 156 ადამიანი ჩავიდა, ქალები და ბავშვები. ისინი აზოვსტალში, თავშესაფრებში 2 თვეზე მეტხანს იყვნენ. ეს ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ არიან. ისინი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ.

დიახ, ჩვენ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტა თითქმის სამი დღის განმავლობაში, რათა ჰუმანიტარულ დერეფანს ემუშავა. ამჟამად კი რუსული ჯარები არ იცავენ შეთანხმებებს. ისინი აგრძელებენ მასობრივ დარტყმებს აზოვსტალზე. ისინი კომპლექსში შტურმით შეჭრას ცდილობენ.

ნათელია, რომ რუსულმა მხარემ დღეს  მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვადასხვა ქალაქი კიდევ ერთხელ გახდა რუსული რაკეტებისა და რუსული დარტყმების სამიზნე: ლვოვი, ვინიცა, კიევის ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ოდესა, ხარკოვის ოლქი. დღევანდელი დაბომბვების ასეთი მასშტაბი აშკარად არ მიუთითებს, რომ რუსეთს რაიმე განსაკუთრებული სამხედრო მიზანი აქვს. ისინი ავლენენ უძლურებას, რადგანაც უკრაინა მათ ძალებს აღემატება.

რაც უფრო მეტი იქნება ასეთი იერიშები, მით უფრო შორს იქნება რუსეთი ცივილიზაციისგან,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები