პუტინი ითხოვს, დასავლეთმა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

საფრანგეთი ისევ ცდილობს, პუტინი ზავზე დაითანხმოს. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ემანუელ მაკრონი თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, პუტინის საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და დაზავების წინადადებაზე დაეთანხმებინა.

პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარემ გაავრცელა. როგორც ფრანგული მხარე აცხადებს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოხატა მარიუპოლსა და დონბასში არსებული ვითარების გამო და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს. მან გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა რუსეთს, შესაძლებელი გახადოს „აზოვსტალის ქარხნიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია. ემანუელ მაკრონმა მზადყოფნა გამოხატა, იმუშაოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს შავი ზღვის გავლით უკრაინული სურსათის ექსპორტის რუსეთის ბლოკადის მოხსნაში მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე მისი შედეგების გათვალისწინებით. პრეზიდენტი მაკრონი მზადაა, იმუშაოს მოლაპარაკებების გზით უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“ – აცხადებს ფრანგული მხარე.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა ემანუელ მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება. პუტინმა ასევე მზაობა გამოთქვა დიალოგისთვის.

 

მსგავსი თემები