„შიში იმუნიტეტს აქვეითებს, ახლა ჩატარებული ვაქცინაცია თებერვლისთვის თავდაცვა იქნება“ – ინფექციონისტი

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, მაია კანაშვილის განცხადებით, გრიპის ვირუსის ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა თებერვალი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს, ნუ შეშინდებიან, ვინაიდან, შიში იმუნიტეტს აქვეითებს.

როგორც ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველა შემთხვევას, რომელიც ვირუსის დროს ფატალურად დასრულდა, თან ახლდა გარკვეული დამამძიმებელი გარემოება. მისივე განცხადებით, სტატისტიკურად, ვირუსის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა თებერვალში ვირუსის მეორე ტალღის მზაობისთვის, საჭიროა ვაქცინაცია.

„როგორც წესი, შემთხვევათა ძალიან დიდ ნაწილში ხდება მეორე ტალღა. რომელიც თებერვალს ემთხვევა. შესაბამისად, მზაობა საჭიროა. სიფრთხილე ძალიან კარგია, თუმცა, შიში საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის. ინფექციური დაავადების განვითარებისას ძალიან ბევრი ფაქტორი ღებულობს მონაწილეობას და ერთ-ერთი მათგანი ემოციური სტატუსია. შიში ერთგვარად იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორია“ – აცხადებს ინფექციონისტი.

მისივე შეფასებით, ვირუსის ​მეორე ეტაპი აუცილებლობას სრულიადაც არ წარმოადგენს: „გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ორსულებისთვის. ამიტომ, რეკომენდირებულია აცრების ჩატარება. ამ დაავადების რისკს წარმოადგენენ მაგალითად, ის ადამიანები, ვისაც არ აქვს ელენთა და ისინიც, ვისაც აქვს მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან. რაც შეეხება მეორე ტალღისთვის მზაობას, ერთ-ერთი ფაქტორია დაავადების გავრცელების შეზღუდვა, ავადმყოფების იზოლაციას და მათ გამიჯვნას ისეთი ავადმყოფებისგან, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებები“.

რაც შეეხება ვაქცინას, ინფექციონისტის ინფორმაციით, ახლა ჩატარებული ვაქცინა თებერვლისთვის იმუნიტეტი იქნება: „ ვაქცინა არ ასუსტებს ადამიანს, ვაქცინა ეს არის აქტივირებული შხამი, რომელიც გვაძლევს ორგანიზმის იმუნურ ძალებს და აქტივაციის საშუალებას. შესაბამისად, ახლა ჩატარებული ვაქცინაცია თებერვლისთვის თავდაცვა იქნება“.

მსგავსი თემები