ჯუანშერ ბურჭულაძემ და კობა კობალაძემ ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გოგი ფაცაცია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე – „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

კობა კობალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე ომში დაღუპულთა დედებს, ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და ღირსეული, სამშობლოს ერთგული შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ, ასევე, მოინახულეს გმირთა სავანის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაკარგულ მეომართა სახელობის მუზეუმი, რომელიც 2004 წელს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების საქველმოქმედო ფონდის, „მოლოდინის’’ ძალისხმევით გაიხსნა; ფონდში გაერთიანებულნი არიან იმ მეომართა დედები და ოჯახის წევრები, რომელნიც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ; სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით, ათობით მებრძოლის ნეშტის მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა, თუმცა, არა ერთი ოჯახი, ჯერ კიდევ ელოდება თავისი ახლობლის ნეშტს.

“მადლიერება მინდა, გამოვხატო თავდაცვის მინისტრის, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და გენერალური შტაბის უფროსის მიმართ, რამეთუ მობრძანდნენ, დააფასეს ჩვენი დაღუპული გმირები; ხსოვნა მინდა, ვუთხრა თითოეულს და გავიზიარო მათი ოჯახებისა და მთლიანად, ქვეყნის ტკივილი. ღმერთმა აცხონოთ! მათი საქმე მართალი იყო, ძლიერი იყო და ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და ერთიანი!’’-განაცხადა კობა კობალაძემ.

მართლმადიდებელი ეკლესიიის მიერ, აღდგომიდან მეცხრე დღეს, მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება. ‘’მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ტრადიციულად, აღდგომის დღეებში პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას’’- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

მსგავსი თემები