„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს”- დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

„ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში არაერთ ბიზნესს ახორციელებს და დაინტერესებულია გაიზარდოს ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო- ეკონიმიკური  ურთიერთობები. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული შეთანხმებები თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, მყარ საფუძველს იძლევა აქტიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შარშანდელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, რაც თავისთავად ცხადია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტერესს და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად ნაყოფიერია ეს ურთიერთობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და შევეცადოთ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც ქართულ-ჩეხურ ურთიერთობებს გააჩნია ეკონომიკის მიმართულებით. დღევანდელ ბიზნეს ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ინტერესს. ჩვენი როლია   მაქსიმალურად უზრუნველვყოთ შესაძლებლობა, რომ მათ ინვესტიციები გააკეთონ საქართველოში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

 „ასეთი მხარდაჭერით ევროკავშირთან თავსებადობის ამაღლებას ეწყობა ხელი. მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, შესაბამისად მივიღეთ კითხვარი, რომელიც შევსების აქტიურ პროცესშია. დარწმუნებული ვართ წელს კიდევ უფრო  გამახვილდება ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე და საქართველოს ექნება თქვენი მხარდაჭერის, გამოცდილების გაზიარების იმედი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“- განაცხადა  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

 

ფორუმზე ხელი მოეწერა ქართულ-ჩეხური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

მსგავსი თემები