პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა ფუნქციონირება დაიწყო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ მოქალაქეთა განახლებული მისაღები გახსნეს. პაპუაშვილის განცხადებით, განახლებული სივრცე ხელს შეუწყობს პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას.

„დღეს გავხსენით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი. ეს გახლავთ ღია მმართველობის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული ერთ-ერთი იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ განხორციელდა, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამ დრომდე არ გახსნილა. ახლა, უკვე შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ეს სივრცე არსებობდეს, სადაც ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება. ამ სივრცეში, ასევე, მოეწყო შეხვედრების ორი ოთახი, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეები შეხვდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის თანამშრომლებს. მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში არის სივრცე ბავშვებისთვისაც. როდესაც ვიზიტორები მცირეწლოვანი ბავშვებთან ერთად მოვლენ, გარკვეული სერვისების მიღების პერიოდში ბავშვები ამ სივრცეში ყურადღების ქვეშ იქნებიან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს ამ იდეისთვის და ღია მმართველობის საბჭოს, რომელმაც ეს იდეა აიტაცა და განახორციელა ჩვენი აპარატის ჩართულობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის აპარატის უფროსის, ქეთევან კვინიკაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეთა განახლებულ მისაღებში ვიზიტორებს ბევრი სიახლე დახვდებათ.

„ამ სივრცეში მოქალაქეები მიიღებენ როგორც მათთვის საჭირო ნებისმიერ სერვისს, ასევე დამატებით მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეთავაზებით საპარლამენტო ცხოვრებაში გაცილებით უფრო აქტიურ მონაწილეობას. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ელექტრონული ეკრანი, სადაც სპეციალურად მოქალაქეებისთვის შექმნილი საინფორმაციო პროგრამაა გაშვებული. ასევე, ეკრანზე ყოველთვის იტრიალებს საინფორმაციო კლიპი, რომელიც ვიზიტორს საშუალებას მისცემს 5 წუთის განმავლობაში მიიღოს ჩვენი კვალიფიციურ თანამშრომლებისგან სერვისი. მოქალაქეთა მისაღებში განთავსებულია საინფორმაციო დაფაც, სადაც ვიზიტორებს სხვადასხვა სერვისთან დაკავშირებით შეუძლიათ ნახონ მომზადებული საინფორმაციო დოკუმენტები“, – აღნიშნა ქეთევან კვინიკაძემ.

მსგავსი თემები