ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის შევსებულ კითხვარს კარლ ჰარცელს პირადად გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს პირადად გადასცემს ევროკავშირის კითხვარის შევსებულ ნაწილს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეს ძალიან შრომატევადი საქმე იყო და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე მუშაობს და 13 მაისამდე, ან უფრო ადრე გადასცემს ევროკავშირს.

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვაა მოცემული და 33 თავისგან შედგება, ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები